დროებითი შრომისუუნარობა

თუ ადამიანი დროებით შრომისუუნაროა და სამსახურში სიარული არ შეუძლია, მას ენიშნება დახმარება საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირველი დღიდან. საავადმყოფო ფურცელი იგივე ბიულეტინია, იგი ავად ყოფნის მტკიცებულებას წარმოადგენს და მას ექიმი გასცემს. 

ეს დახმარება გაიცემა შრომისუუნარობის პერიოდის მაქსიმუმ 40 კალენდარულ, ან 6 თვის განმავლობაში ჯამში მაქსიმუმ  60 კალენდარულ დღეზე.

რას ნიშნავს ახლა ეს?

ვთქვათ, ელენე რომელიღაც კვირა დღეს დროებით შრომისუუნარო შეიქნა. იგი წავიდა ექიმთან, მან ბიულეტინი გაუხსნა. იგი სამსახურში ერთი კვირა ვერ დადიოდა, თუმცა, შემდეგ ორშაბათს უკვე ადგილზე გამოცხადდა და ბიულეტინიც წარადგინა. იგი ავად 7 დღე იყო, 7 კალენდარული დღე, თუმცა ამ დღეებიდან სამუშაო მხოლოდ 5 იყო.

კოდექსი გვეუბნება, რომ დახმარება კალენდარული დღეების მიხედვით გაიცემა.
მაშინ რა გამოდის, რომ ელენეს შაბათ-კვირის ხელფასიც უნდა გადავუხადოთ?

რა თქმა უნდა, არა. კალენდარული დღეებით არ გამოითვლება დახმარების რაოდენობა. კალენდარული დღეები მხოლოდ იმ პერიოდზე მიგვითითებს, რომლის განმავლობაშიც გვევალება ელენეს იმდენი გადავუხადოთ, რამდენსაც შრომისუნარიანობის პერიოდში გადავუხდიდით.

გამოდის, რომ ანაზღაურება სამუშაო დღეების მიხედვით ითვლება.

მაშინ რა საჭიროა კალენდარული დღეების თვლა?

კალენდარულ დღეებს იყენებს ელენე, რათა გაიგოს, თუ რამდენი დღე შეუძლია არ იაროს სამსახურში. ამ დღეებს იყენებს დამსაქმებელიც, რათა გაიგოს, თუ როდის უნდა დაბრუნდეს ელენე სამსახურში, ან, თუ არ ბრუნდება, როდიდან შეუძლია დამსაქმებელს მისი დათხოვნა.

ისეთ შემთხვევებში, როდესაც დასაქმებული უფრო დიდი ხნის განმავლობაშია დროებით შრომისუუნარო და, ამასთანავე, უკვე ისარგებლა ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებებით, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლება აქვს.

 

რის მიხედვით ითვლება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობა

დასაქმებულს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის დაანგარიშების დროს ვითვალისწინებთ ხელშეკრულებით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას, ანაზღაურების ტიპსა და ნამუშევარი თვეების რაოდენობას. ამ ცხრილზე ნახავთ თუ რის მიხედვით ვთვლით თითოეულ კომბინაციას:

ხელშეკრულებაში არაა მითითებული ხელფასის რაოდენობა/ხელფასი ცვლადია
ხელშეკრულებაში მითითებულია ხელფასის ფიქსირებული რაოდენობა
3 ან მეტი თვეა მუშაობს
წინა სამი თვის საშუალო ანაზღაურების მიხედვით
ფიქსირებული
ანაზღაურების
მიხედვით
3 თვეზე ნაკლებია მუშაობს
ხელშეკრულებაში არაა მითითებული ხელფასის რაოდენობა/ხელფასი ცვლადია
ფიქსირებული
ანაზღაურების
მიხედვით
ბოლო 3 თვეში არ ჩარიცხულა ხელფასი
იმ ადამიანის საშუალო თვიური ანაზღაურების მიხედვით, რომელსაც იგივე კომპანიაში მსგავსი თანამდებობა და კვალიფიკაცია აქვს
ფიქსირებული
ანაზღაურების
მიხედვით

დახმარების დროს მხოლოდ ხელფასს ვითვალისწინებთ. ეს ნიშნავს, რომ ოდენობის დასათვლელად არ ვითვალისწინებთ შემდეგ რამეებს:

  1. ბონუსებს, პრემიებსა და ჯილდოებს;
  2. ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასა და დანამატებს;
  3. ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურებას;
  4. არაფულად სარგებელს (მატერიალური ჯილდოები, დაზღვევის თანხები და ა.შ.)

როგორ განისაზღვრება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა

ფიქსირებული ხელფასის შემთხვევაში საქმე მარტივადაა, ადამიანს ვუხდით იმდენს, რამდენსაც გასავუხდიდით დროებით შრომისუუნარო რომ არ ყოფილიყო. აქ შედარებით რთული მდგომარეობა იქნებოდა ხელფასი რომ შეცვლილიყო ხელფასიდან ხელფასამდე პერიოდში, როდესაც შეცვლამდე პერიოდის თანხას ძველი ხელფასით დავთვლიდით, შეცვლის შემდეგ პერიოდზე კი – ახალი ანაზღაურების მიხედვით.

იმ შემთხვევებში კი, როდესაც ხელფასი ცვლადია ან ხელშეკრულებაში არაა მითითებული, სიტუაცია ცოტა რთულდება.

თუ ადამიანს 3 ან მეტი თვე აქვს ნამუშევარი ერთ კომპანიაში და მას ცვლადი ხელფასი აქვს ან ხელშეკრულებაში , მაშინ მას თითოეული შრომისუუნარო დღისთვის გადავუხდით დღიურ საშუალო თანხას. 

დღიური საშუალო თანხა შემდეგნაირად ანგარიშდება:

  1. ვიღებთ დასაქმებულის ბოლო სამი თვის ანაზღაურებას, გამოგვყავს საშუალო;
  2. საშუალო თვიურ ანაზღაურებას ვყოფთ შრომისუუნარობის თვის სამუშაო დღეების რიცხვზე.

უკეთ გასაგებად, წარმოვიდგინოთ სიტუაცია:

ელენეს ცვლადი ხელფასი აქვს. იგი ერთი წელია ერთ კომპანიაში მუშაობს. თებერვალში მისი ხელფასი 450, მარტში – 500, ხოლო აპრილში – 550 ლარი გამოვიდა. მაისის ერთ დღეს იგი დროებით შრომისუუნარო იყო. ამ დღის ხელფასს დავთვლიდით შემდეგნაირად:

(1) 450 + 500 + 550 = 1500

1500 : 3 = 500
ესაა საშუალო თვიური ხელფასი.

(2) 500 : 20 = 25

20-ზე გავყავით, იმიტომ, რომ მაისში 20 სამუშაო დღეა. 25 ლარია საშუალო დღიური ხელფასი.

შესაბამისად, იმ ერთი შრომისუუნარო დღის ხელფასი 25 ლარი გამოვა.

დანარჩენ სიტუაციებში კი ხელფასი იმ სხვა ადამიანის ხელფასის მიხედვით გამოანგარიშდება, რომელსაც იმავე კომპანიაში მსგავსი თანამდებობა უკავია და კვალიფიკაციაც მსგავსი აქვს. ზევით აღწერილი ორი ნაბიჯი უცვლელი რჩება.

დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი

ელენე ვერ მიიღებს დახმარებას, თუ:

  • იგი დროებით შრომისუუნარო გახდა დანაშაულის ჩადენის დროს;
  • ელენე განზრახ აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას;
  • შრომისუუნარობა უშუალოდ გამოიწვია არაფხიზელმა მდგომარეობამ (ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სხვა);
  • მკურნალი ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმი დაარღვია;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფება სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე.