როგორ გამოვთვალოთ ხელფასი საპენსიო შენატანების გათვალისწინებით

დაგროვებითი საპენსიო სქემის შენატანები ყოველთვიურად გამოითვლება მთლიანი შემოსავლიდან. საშემოსავლო გადასახადი კი ამიერიდან იმ თანხიდან გამოითვლება, რაც საპენსიო შენატანის შემდეგ დარჩება. მთლიანი შემოსავალი, დასაქმებულის შემთხვევაში, გულისხმობს დარიცხული ხელფასის, დამატებითი სარგებლისა (მაგ: ბონუსი) და არაფულადი სარგებლის (მაგ: დაზღვევა) ჯამს.

როგორც ჩვენს წინა პოსტში იყო ნათქვამი, საპენსიო შენატანი გამოითვლება შემდეგი ლოგიკით:

განვიხილოთ როგორ გამოითვლება დასაქმებულის ხელზე ასაღები თანხა სხვადასხვა სიტუაციაში:

მაგალითი #1

განვიხილოთ ელენე. ელენეს ყოველთვიური ხელფასი, საშემოსავლოს ჩათვლით, 800 ლარია. გეგმის შესრულების შემთხვევაში, მას ასევე უხდიან ბონუსს: საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, 100 ლარს.

აღწერილი განმარტების მიხედვით, ელენეს მთლიანი შემოსავალი 900 ლარი გამოდის (800+100). შესაბამისად, საპენსიო შენატანის გამოსათვლელად, სწორედ ეს რიცხვი უნდა გამოვიყენოთ. დავთვალოთ რამდენი იქნება ელენეს საპენსიო შენატანი:

900 * 0.02 = 18

ელენეს საპენსიო შენატანი იქნება 18 ლარი, ამ რაოდენობის თანხასვე გადაიხდის დამსაქმებელიცა და სახელმწიფოც.

საშემოსავლო გადასახადი გამოითვლება თანხიდან, რაც საპენსიო შენატანის შემდეგ რჩება. შესაბამისად, ელენე ხელზე აიღებს დარჩენილის 80%-ს:

882 * 0.8 = 705,6

მაგალითი #2

განვიხილოთ ზურა. მისი ყოველთვიური ხელფასი, საშემოსავლოს ჩათვლით, 800 ლარია. გეგმის შესრულების შემთხვევაში, მას ასევე უხდიან ბონუსს: საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, 100 ლარს. მას ასევე აქვს დაზღვევის 100-ლარიანი პაკეტი, რომელიც, საშემოსავლოს ჩათვლით, 125 ლარი ჯდება.

აღწერილი განმარტების მიხედვით, ზურას შემოსავალი 1025 ლარი გამოდის (800+100+125). შესაბამისად, საპენსიო შენატანის გამოსათვლელად, სწორედ ეს რიცხვი უნდა გამოვიყენოთ. დავთვალოთ რამდენი იქნება ზურას საპენსიო შენატანი:

1025 * 0.02 = 20,5

ზურას საპენსიო შენატანი იქნება 20,5 ლარი, ამ რაოდენობის თანხასვე გადაიხდის დამსაქმებელიცა და სახელმწიფოც.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო რეფორმამდე ზურა დაზღვევაში არაფერს იხდიდა, ახლა კი მოუწევს, რომ ამ სარგებლის 2% ხელფასიდან გადაიხადოს. ანუ, ზურას ხელზე ასაღები ხელფასი წინა მაგალითის ელენეს ხელზე ასაღებ ხელფასზე მეტად შემცირდება, არადა, რეფორმამდე ისინი ერთსა და იმავე თანხას იღებდნენ.

მაგალითი #3

ჩვენი ვარაუდით, მეორე მაგალითის შემთხვევა იშვიათად დადგება და უფრო ხშირად, დამსაქმებლები გადაიხდიან არაფულადი სარგებლის ორივე 2%-ს.

განვიხილოთ ანა. ანას და ზურას ერთნაირი ხელფასი და ბენეფიტები აქვთ, უბრალოდ, ანას უფროსი სადაზღვეო პაკეტის თანხის ორივე 2%-ს საკუთარ თავზე იღებს.

ანუ, ანას შენატანი მხოლოდ 900 ლარის 2% იქნება (18 ლარი), დამსაქმებელს კი, გარდა ამ 18 ლარისა, მოუწევს სადაზღვეო პაკეტის ნაწილის შენატანის გადახდაც.

გამოდის, რომ რეფორმამდე დამსაქმებელს სადაზღვეო პაკეტში 125 ლარი ეხარჯებოდა და ეს იყო 100%, ახლა მას მეტი დაეხარჯება და იგივე 125 ლარი უკვე 96% იქნება, ვინაიდან დასაქმებულის სასარგებლოდ გაკეთებულ შენატანსაც საკუთარ თავზე იღებს:

მივმართოთ პროპორციას:

125 – 96%

X – 100%

X = 125 * 100 / 96 ≈ 130

დამსაქმებელი ანას დაზღვევაში ადრე თუ ჯამში 125 ლარს იხდიდა, ახლა 130 ლარის გადახდა მოუწევს.

მაგალითი #4

პირველ მაგალითში ჩვენ დავუშვით, რომ ელენე მხოლოდ თავის 2%-ს იხდიდა, მაგრამ შეიძლება ისეთი სიტუაციაც არსებობდეს, სადაც დამსაქმებელი, იმის გამო, რომ ხარჯები არ გაეზარდოს, თანამშრომლის კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს შეამცირებს.

განვიხილოთ თაკო. თაკოს ყოველთვიური ხელფასი, საშემოსავლოს ჩათვლით, 800 ლარია. გეგმის შესრულების შემთხვევაში, მას ასევე უხდიან ბონუსად 100 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. ანუ, თაკოს ხელფასიც, ელენეს მსგავსად, 900 ლარია. დამსაქმებელს სურს, რომ ის რეფორმის შემდეგაც მხოლოდ 900 ლარს იხდიდეს. ანუ, თაკოს 900 ლარი თუ თაკოს ხელფასის 100% იყო, ახლა 102 უნდა გახდეს. გავაკეთოთ პროპორციით:

900 – 102%

X – 100%

X = 900 * 100 / 102 ≈ 882

თაკოს ახალ კონტრაქტში ჩაიწერება, რომ მიხი დარიცხული ხელფასი არის 882 ლარი. შედეგად, დამსაქმებელი თაკოზე ზუსტად იმ რაოდენობის თანხას დახარჯავს, რამდენსაც რეფორმამდე ხარჯავდა.

მაგალითი #5

შეიძლება, ისეთი შემთხვევაც დადგეს, რომ დამსაქმებელს სურდეს, თავისი თანამშრომლის ხელზე ასაღები თანხა არ შემცირდეს და ზუსტად იმდენივე აიღოს, რამდენსაც რეფორმამდე იღებდა. ამის მისაღწევად, თანამშრომლის დარიცხული ხელფასის გაზრდა მოუწევს.

განვიხილოთ თემო. მისი ხელფასიც 900 ლარია, ანუ ხელზე ის 720 ლარს იღებდა საპენსიო სქემის შემოღებამდე. დამსაქმებელს სურს, რომ თემომ ისევ 720 ლარი აიღოს.

თუ რეფორმამდე ეს 900 ლარი 100% იყო, ახლა ისე უნდა გაიზარდოს მისი ანაზღაურება, რომ იგივე 900 ლარი ახლა 98%-ს შეადგენდეს.

ისევ პროპორციას მივმართოთ:

900 – 98%

X – 100%

X = 900 * 100 / 98 ≈ 918

თემოს ახალ კონტრაქტში ეწერება, რომ მისი დარიცხული ხელფასი 918 ლარია.

 

როგორ დავთვალოთ დარიცხული ხელფასი ხელზე ასაღები ხელფასიდან და პირიქით

ზოგადად, თუ გვინდა, რომ დარიცხული ხელფასი გამოვთვალოთ ხელზე ასაღები ხელფასიდან, შემდეგი ფორმულა უნდა გამოვიყენოთ:

X / 0.8 / 0.98 = Y

X = ხელზე ასაღები ხელფასი

Y = დარიცხული ხელფასი

 

ხოლო თუ პირიქით, ხელზე ასაღები ხელფასის გამოთვლა გვსურს დარიცხული ხელფასიდან, შემდეგ ფორმულას გამოვიყენებთ:

X = Y * 0.8 * 0.98

X = ხელზე ასაღები ხელფასი

Y = დარიცხული ხელფასი

საშემოსავლო შეღავათები

რაც შეეხებათ საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულ დასაქმებულებს, მათაც ასევე მოუწევთ საპენსიო შენატანების გაკეთება. მაგალითად:

ქეთის აქვს დარიცხული ხელფასი 1000 ლარი. კალენდარული წლის განმავლობაში დარიცხულ 6000 ლარზე, მისი ხელფასი არ იბეგრება, მაგრამ საპენსიო შენატანის გაკეთება მაინც უწევს. ანუ, რეფორმამდე ქეთი იანვარში 1000 ლარს აიღებდა ხელზე, მაგრამ ახლა 980-ს აიღებს. ხოლო მის ლიმიტს, ანუ 6000 ლარს ყოველთვიურად 980 ლარი დააკლდება.

 

დასასრულისთვის შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ საპენსიო რეფორმა ძალაში იანვარში შევიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი წესით ის ხელფასები გაიცემა, რომლებიც ამ წელსაა გამომუშავებული: ანუ, მაგალითად, თუ დასაქმებული დეკემბრის ხელფასს რეალურად იანვარში იღებს, მას იანვრის ხელფასიდან მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი ჩამოეჭრება და არა საპენსიო შენატანი. შესაბამიდად, თუ იანვრის ხელფასს ის თებერვალში აიღებს, პირველი შენატანი თებერვალში მოხდება. საპენსიო შენატანებს გადაიხდით ხელფასის გაცემის დღეს, იმ თანხისთვის, რომელიც გაეცით.