როგორი უნდა იყოს ვაკანსიის აღწერა

შესაძლოა როგორც დამსაქმებელს იმედი გაქვთ, რომ სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიის აღწერის კითხვისას არ ჩქარობენ და მას დეტალურად და ყურადღებით ეცნობიან, თუმცა, შემდეგი კვლევა აჩვენებს, რომ სამუშაოს მაძიებელი საშუალოდ 63 წამს ხარჯავს ვაკანსიის გაცნობაზე, სანამ გადაწყვეტს, რომ პოზიცია მისთვის საინტერესოა.
იმისათვის, რომ ვაკანსიის გამოცხადების მიზანს – შესაბამის კანდიდატთა დაინტერესებას და ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებას მივაღწიოთ, აუცილებელია, რომ ის მცირე დრო, რომელსაც აპლიკანტი ვაკანსიის კითხვას უთმობს, სწორად გამოვიყენოთ. პოტენციური თანამშრომლებისათვის მაქსიმალურად მომხიბლავი ტექსტის დასაწერად ჩვენ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ.
ვაკანსიის გამოცხადებამდე აუცილებელია ელექტრონულად კითხვის ქცევები გავითვალისწინოთ. სამუშაოს მაძიებელი ტექსტის გულდასმით კითხვის ნაცვლად მხოლოდ თვალს გადაავლებს ვაკანსიის აღწერას და ყურადღებას ცალკეულ ნაწილებს აქცევს. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ასახულია ვებგვერდის რა ნაწილს უთმობს ვიზიტორი ყველაზე დიდ ყურადღებას. წითლად აღნიშნული ნაწილები მნახველის ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს, ყვითელი და ლურჯი კი –ნაკლებს.

ვაკანსიის სტრუქტურა

  • სტრუქტურიზებული დაგეგმარება აუცილებელია, კანდიდატის ყურადღებას თავდაპირველად სათაურითა და შესავალით მიიქცევთ, შემდეგ ინტერესს გაუღვივებთ კომპანიის შესახებ ინფორმაციითა და მოვალეობების აღწერით, მესამე ეტაპზე დაარწმუნებთ იმ ინფორმაციის შეჯამებით, რასაც როგორც დამსაქმებელი სთავაზობთ. საბოლოო პარაგრაფში კი წაახალისებთ ქმედებისაკენ.
    დეტალურად ეს სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:
  1. ფუნქციური სათაური
  2. შესავალი, ინფორმაცია
  3. კომპანიის შესახებ
  4. ინფორმაცია სამუშაოს შესახებ
  5. გამოცდილება, სამუშაოს მოთხოვნები
  6. პირობები, ანაზღაურება
    საბოლოო აბზაცი (საკონტაქტო დეტალები)

მნიშვნელოვანია კანდიდატს პირველს რა ინფორმაციას მივაწოდებთ, რადგან ყურადღების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ თავდაპირველ ინფორმაციაზე მოდის.
მეორე სურათზე წითელი ფერით აღნიშნული ლათინური F-ის ფორმა სამუშაოს მაძიებლის ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სათაური და შესავალი სწორ ინფორმაციას იძლეოდეს ვაკანსიის შესახებ. პოზიციის დასახელება კონკრეტული უნდა იყოს. პროექტის მენეჯერის ვაკანსიის გამოცხადებისას ნამდვილად უბრალოდ პროექტის მენეჯერს ეძებთ თუ გამოცდილ პროექტის მენეჯერს IT პროექტებზე მუშაობის პროცესის ცოდნით?
ინფორმაციის არასრულად ან ბუნდოვნად მიწოდება ხშირად აბნევს სამუშაოს მაძიებლებს. ბუნდოვანი აღწერა, არაცხადი მოთხოვნები და ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არარსებობა კანდიდატებს არაზუსტ ინფორმაციას აწვდის პოზიციის შესახებ, თუ მოკლედ და ცხადად არ გავწერთ რას ვითხოვთ მომავალი თანამშრომლებისაგან და რას ვთავაზობთ მათ, ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიას ვერ მივაწვდენთ ხმას.
სახელფასო დიაპაზონის მითითება აუცილებელია და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ანაზღაურების შეთავაზება საშუალოზე მაღალია, არამედ დაბალი ანაზღაურების შეთავაზებისასაც. შეიძლება გგონიათ, რომ სახელფასო დიაპაზონის განსაზღვრით

  • კონკურენტები თქვენი სახელფასო პოლიტიკის შესახებ გაიგებენ;
  • იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უფრო დაბალ ხელფასზე იქნებოდნენ თანახმა ახლა უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ;
  • ან ვისაც თქვენ მიერ განსაზღვრულზე მაღალი ხელფასი უნდა მთავარია გასაუბრებაზე მოიყვანოთ და შემდეგ უფრო ნაკლებ ანაზღაურებაზეც დაითანხმებთ;

თუმცა ხშირად რამდენიმე ეტაპიანი შერჩევის პროცესის შემდეგ სასურველი კანდიდატის პოვნისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მას არ სურს იმ ანაზღაურებით მუშაობა, რომელსაც თქვენ სთავაზობთ და ვერც მის ნაკლებზე დათანხმებას შეძლებთ. ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის გამოტოვება საბოლოოდ დროს დაგაკარგინებთ როგორც თქვენ, ასევე თქვენს პოტენციურ თანამშრომელს.
როდესაც ვაკანსიის აღწერის ტექსტი დიდია, მკითხველი მალე მიატოვებს კითხვას, დიდი ტექსტის კითხვისას ასევე მეტია შანსი მკითხველში დაბნეულობა გამოიწვიოთ. ამიტომ მთავარი აქცენტი მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გააკეთოთ და ტექსტი მარტივად საკითხავი გახადოთ ქვესათაურების, პარაგრაფების, სიებისა და ტიპოგრაფიული სიმბოლოების (ბულეთების) გამოყენებით, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არაა გამართლებული გრძელი ჩამონათვალის გამოყენება, აჯობებს მოვალეობებიდან ძირითადი პუნქტები ამოარჩიოთ და მხოლოდ ისინი მიუთითოთ ვაკანსიაში.

მაგალითად, არასწორია შემდეგი ფორმულირება:

SpaceX დაფუძნდა იდეით, რომ კაცობრიობის მომავლის საუკეთესო განვითარება მის მიერ სამყაროს ფუნდამენტური შესწავლაა. დღესდღეობით SpaceX აქტიურად განავითარებს ტექნოლოგიებს, რათა კომპანიის მთავარი მიზნის მიღწევა – მარსზე ადამიანებისათვის საცხოვრებელი გარემოს შექმნა გახდეს  შესაძლებელი. SpaceX სამუშაოდ იწვევს ავტომატიზაციისა და კონტროლის ინჟინერს, რომლის მოვალეობაც იქნება ავტომატიზირებული საწარმოო სისტემების კომპლექსური დაზიანებების მოგვარების ხელშეწყობა; მცირე და ფართომასშტაბიანი ავტომატიზაციის პროცესების პროექტირება, დაპროგრამება და შექმნა წარმოების აღჭურვილობისა და მექანიზმებისათვის.  ავტომატიზებული სისტემების არსებული პროდუქტების გაუმჯობესების პროექტების მხარდაჭერა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ERP-ის ინტეგრაცია ასევე ავტომატიზირებული საწარმოო სისტემების კომპლექსური დაზიანებების მოგვარების ხელშეწყობა.

სწორია შემდეგი ფორმულირება:

კომპანია SpaceX დაფუძნდა იმ იდეით, რომ კაცობრიობის მომავლის საუკეთესო განვითარება მის მიერ სამყაროს ფუნდამენტური შესწავლაა. დღესდღეობით SpaceX აქტიურად განავითარებს ტექნოლოგიებს, რათა კომპანიის მთავარი მიზნის მიღწევა – მარსზე ადამიანებისათვის საცხოვრებელი გარემოს შექმნა გახდეს შესაძლებელი.

SpaceX სამუშაოდ იწვევს ავტომატიზაციისა და კონტროლის ინჟინერს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომატიზირებული საწარმოო სისტემების კომპლექსური დაზიანებების მოგვარების ხელშეწყობა;
  • მცირე და ფართომასშტაბიანი ავტომატიზაციის პროცესების პროექტირება, დაპროგრამება და შექმნა წარმოების აღჭურვილობისა და მექანიზმებისათვის;
  • ავტომატიზებული სისტემების არსებული პროდუქტების გაუმჯობესების პროექტების მხარდაჭერა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ERP-ის ინტეგრაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიაში;

როგორც კვლევამ გვაჩვენა, ელექტრონულად ინფორმაციის გაცნობისას ვერტიკალურ სვეტს მკითხველი დიდ ყურადღებას ანიჭებს. ინფორმატიული ქვესათაურებით სამუშაოს მაძიებელს გაუმარტივებთ ვაკანსიის პირობების გაცნობას. საკვანძო სიტყვების გამუქებითაც დაეხმარებით პოტენციურ კანდიდატს ტექსტზე თვალის გადავლებით მთავარი აზრი გამოიტანოს.
მაგალითად,
SpaceX დაფუძნდა იმ იდეით, რომ კაცობრიობის მომავლის საუკეთესო განვითარება მის მიერ სამყაროს ფუნდამენტური შესწავლაა. დღესდღეობით SpaceX აქტიურად განავითარებს ტექნოლოგიებს, რათა კომპანიის მთავარი მიზნის მიღწევა – მარსზე ადამიანებისათვის საცხოვრებელი გარემოს შექმნა გახდეს შესაძლებელი. SpaceX სამუშაოდ იწვევს ავტომატიზაციისა და კონტროლის ინჟინერს. თუკი გაქვთ გამოცდილება ავტომატიზაციის ინჟინერიის მიმართულებით, შემოუერთდით ჩვენს გუნდს ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში.

ტექსტის სტილი

ვაკანსიების აღწერაში ხშირად ვხვდებით მრავალ სხვადასხვა სტილს, რაც ტექსტს რთულად საკითხავს ხდის. მაგალითად, თუ ერთ ვაკანსიაში სამუშაოს მაძიებელს პირდაპირ, პირველ პირში მიმართავთ, მეორე ვაკანსიაში ვაკანტური ადგილის შესახებ მესამე პირში წერა არ არის რეკომენდებული. მით უფრო არასწორია ამ ორი სტილის ერთ ტექსტში მოქცევა. აჯობებს, თუ თანმიმდევრული იქნებით და ყველა ვაკანსიას ერთ სტილში განათავსებთ. ეს შეეხება როგორც განლაგებას, ასევე იმას, თუ რა ენაზეა ტესქტი დაწერილი.
არ არის რეკომენდებული მესამე პირში წერა (კანდიდატს, რომელსაც ვეძებთ აქვს…). ამგვარი პასიური სტილი დამსაქმებელსა და მომავალ დასაქმებულს შორის ზრდის დისტანციას და ტექსტს ნაკლებად პიროვნულს, აბსტრაქტულს ხდის. იმის ნაცვლად, რომ დაწეროთ ‘ამ პოზიციაზე თანამშრომელმა უნდა გააკეთოს…’ შეგიძლიათ აზრი უფრო აქტიური სტილით გამოხატოთ ‘ამ პოზიციაზე გააკეთებთ…’ პასიური სტილით ნაწერი ტექსტის კითხვა ბევრად უფრო დამღლელია. აქტიური სტილით ნაწერი წინადადებები უფრო მარტივად იკითხება და მეტად ცოცხლად ჟღერს.
წერეთ სალაპარაკო ენაზე, თუკი ტექსტი მარტივი, სწრაფად წაკითხვადი, ნაკლებად ფორმალური და უფრო მეტად პირადულია, კანდიდატებს დამსაქმებლებთან მეტი სიახლოვის განცდა უჩნდებათ, რაც მათ დაინტერესებას იწვევს.

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ:

  • ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაწყისში უნდა დაწეროთ;
  • ვაკანსიის აღწერა უნდა იყოს მოკლე და მხოლოდ საჭირო ინფორმაციის შემცველი;
  • ეცადეთ წეროთ მარტივი ენით და აქტიური სტილით;
  • უნდა ეცადოთ პოზიციის აღწერისათვის თვალის გადავლებით შეიძლებოდეს საჭირო ინფორმაციის მიღება, რაშიც დაგეხმარებათ:
    • ინფორმატიული სათაური და ქვესათაურები;
    • პარაგრაფები და სტრუქტურის ჩამოყალიბება;
    • ჩამონათვალის ტიპოგრაფიული სიმბოლოებით (ბულეთები) გამოყოფა;
    • საკვანძო სიტყვების გამუქება.